Friday, November 7, 2014

საქართველოში ოსების თავდაპირველი შემოსვლა მონღოლთა და თემურ ლენგის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ველებზე ოსების დარბევამ და განადგურებამ განაპირობა. ამ შემოსევების შედეგად, ოსები იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და თავი  ცენტრალური კავკასიონის ხეობებში შეეფარებინათ. ოსები, დაახლოებით, მე-13 საუკუნიდან იწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას, თუმცა ეს არ იყო მასშტაბური ხასიათის. ამ პერიოდში ძალიან მცირე ნაწილი გადმოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. დავით  ულუს დროს, მე-13 საუკუნის 60-იან წლებში ოსების ორმა ტომმა გადმოლახა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. მონღოლებმა დავით ულუ აიძულეს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაესახლებინა. ოსების ჩამოსახლება საქართველოში, ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი, ეგრეთ წოდებული, „მთის ჩამოწოლა ბარში,“  მათ დაიკავეს გორი. ამ ყოველივეს ხელს უწყობდა, ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე. გიორგი ბრწყინვალე იყო პირველი მეფე, რომელმაც გორი გაათავისუფლა ოსებისაგან.  მე-19 საუკუნიდან კვლავ დაიწყო მათი მიგრაცია. თუმცა ეს პროცესი უკვე სხვა მხრივ წარიმართა. ქართველმა მებატონეებმა ისინი საკუთარ სამფლობელოებში დაასაქმეს. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბრძოლების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. აკლდათ მუშახელი, ჯარისკაცი და ასე შემდეგ. აქედან  დაიწყო მათი მასშტაბური დასახლება. ისინი ძირითადად მთისწინეთში ცხოვრობდნენ, ბარში  მცირე ნაწილი ბინადრობდა. 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლის შემდეგ, შეიქმნა ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ცენტრად ცხინვალი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ცხინვალში, ოსების ძალიან მცირე ნაკადი ცხოვრობდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. ცხინვალი გამოაცხადეს ოლქის დედაქალაქად, მაშინ, როცა იქ 3 თუ 4 ოსი იყო სულ. ოსებმა ბარში ჩამოსახლება საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს.  ქისტებთან  ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა იმიტომ, რომ კავკასიელი ხალხია. ისინი პანკისში დაახლოებით მე-18 საუკუნეში სახლდებიან. გადმოდიან ჩეჩნეთიდან და ბინას იდებენ  ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ, ძირითადად, მათ საცხოვრებელ ადგილს პანკისის ტერიტორია წარმოადგენდა. სომხები, რთული საკითხია იმიტომ, რომ ისინი სამხრეთიდან გვემეზობლებიან, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველოში ხშირად იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, ჩვენ ძლიერები ვიყავით თუ სუსტები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყოველთვის შერეული მოსახლეობა იყო. მაშინ კონკრეტულ ხაზს ვერ გავავლებდით საქართველოსა და სომხეთის გასამიჯნად. რაც შეეხება სომხების დასახლებას არასასაზღვრო რეგიონში, მაგალითად, გორში, მათ დასახლებას საფუძველი დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა. ვინაიდან ისინი იყვნენ ვაჭარი ხალხი. ქართველები ვაჭრობას ნაკლებად ვეძალებოდით. იმ პერიოდში ეს სათაკილო საქმედ მიგვაჩნდა, სომხები კი პირიქით – არსებობის წყაროდ მიიჩნევდნენ. ქვეყანას სჭირდებოდა მოვაჭრეები და  დავითმაც შექმნა მათი ქალაქი. კონკრეტულად, როდის დასახლდნენ სომხები საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ ვიტყვით. ეს არის რთული საკითხი. დღეს სომხები, ძირითადად, დასახლებულნი არიან ჯავახეთის ტერიტორიაზე, ახალქალაქის რაიონში, აქ ისინი გაჩნდნენ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში. რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ ტერიტორიიდან ქართველები წასულიყვნენ  და სომხები ჩამოსახლებულიყვნენ. ქართველებს სურდათ, ჯავახეთში ზემო იმერეთიდან ჩამოესახლებინათ ხალხი, თუმცა ეს სურვილად დარჩა.  ჯავახეთი, ვითომ ეს იყო ძველი სომხური მიწა და ასე შემდეგ, ზღაპარია. ის არასდროს ყოფილა სასაზღვრო ტერიტორია და ყოველთვის ჩვენს ფარგლებში შემოდიოდა. ასევე, დავამატებ, რომ ჯავახეთში შერეული მოსახლეობა არ არსებობდა. სომხების ჩამოსახლება, ეს იყო რუსების გეგმა. მათ უნდოდათ საქართველოში ეთნიკური დემოგრაფიის შეცვლა. ამიტომ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოასახლეს და შეურიეს ქართველებს. ესენი არ იყვნენ მარტო სომხები, მათ რიცხვში შედიოდნენ: პოლონელები, გერმანელები, სექტანტები და სხვა.